მარნეულის ყოფილი მერი, რომელმაც მოქალაქეს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა, ამბობს, რომ რუსთავის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გიგი უგულავას "ტუჩებში უნდა ურტყას".
აბაზოვი ამ ფორმით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის შვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ადამიანზე ზეწოლა ქართული ოცნების ხელწერაა.
ამ კონტექსტში მან აბაზოვის მიერ ჩადენილი ძალადობა გაიხსენა - მარნეულის ყოფილმა მერმა მოქალაქეს, რომელმაც მას შეაგინა, ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.
სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მსხვერპლს ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს".
მარნეულის მერი 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფისთვის.
თუმცა, 2020 წლის 12 თებერვალს სასამართლომ ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
მარნეულის მერობამდე თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო.
ფარული ჩანაწერები
6 მარტს ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჩანაწერების ავტენტურობა ბერა ივანიშვილმაც დაადასტურა და თქვა, რომ "დედიკოს შურაცხყოფას დღესაც არავის აპატიებს".
პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.